“მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ რაც გავაკეთე, მადლობელი ვიქნები, თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას”, – ამ შინაარსის განცხადება სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სკამზე მყოფმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ გააკეთა.
შარაშიძემ მოსამართლეს სთხოვა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მას ამ დრომდე არანაირი ადმინისტრაციული დარღვევაც კი არ ჰქონია.
“მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას. ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე და ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა. ამის შემდეგ, სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა სხდომაზე დავით შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით შარაშიძეს გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავება. ყოფილ მაღალჩნოსანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა, რომლის შესაბამისად, დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

































































