,აშშ-ის მიერ ,,Nord Stream 2“ -სთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა რუსეთისთვის ტყვიის მიწოდების ტოლფასია“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა მას პირდაპირი მესიჯი გადასცა, რომ აშშ მზად იყო გაზსადენის დაბლოკვისთვის, თუმცა შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებზე უარს ამბობს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ იარაღია, ნამდვილი იარაღია რუსეთის ფედერაციის ხელში. გაუგებარია, რომ რუსეთს ამ იარაღისთვის ტყვიები ისეთმა დიადმა ქვეყანამ შეიძლება მიაწოდოს, როგორიც ამერიკაა. აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა რუსეთისთვის ტყვიის მიწოდების ტოლფასია.
აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაზსადენი უკვე თითქმის დასრულებულია და გერმანიასთან კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა მოიყვანა არგუმენტად. რამდენი უკრაინელის სიცოცხლედ ღირს აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობები?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
ასევე შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.