უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შემდეგი კვირა ძალიან დაძაბული იქნება, რადგან რუსეთი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავა.
მისივე თქმით, რუსეთის საქციელი სიმხდალის გამოხატულებაა, რადგანაც მას არც მარცხის და არ შეცდომის აღიარების უნარი არ აქვს.
„შემდეგი კვირა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც მიმდინარე, როგორიც წინა, დაძაბული და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება. რუსეთს კიდევ უფრო შეეშინდება. შეეშინდება წაგების, იმის, რომ სიმართლის აღიარება მოუწევს. რუსული ჯარები გადავლენ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, გამოიყენებენ უფრო მეტ რაკეტას ჩვენს წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტ საჰაერო ბომბებს, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ამ ქმედებებისთვის. როცა სიმხდალე იზრდება, ის კატასტროფად გადაიქცევა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება. დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ. სიმართლის აღიარება – მთელი ჩვენი ძალა და ყოველი წუთი სწორედ ამაზეა მიმართული. თავდაცვა, დიპლომატია, ეკონომიკა, ინფორმაციული დაპირისპირება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა – გვაქვს მოქმედების ალგორითმები ყველა სფეროში“, – აცხადებს ზელენსკი.