“ვფიქრობ ეს წიგნი თავის ფუნქციას შეასრულებს, რადგან ყვება ოზურგეთის თეატრის ისტორიას”, _ ასეთი შეფასება მისცა წიგნს _ “ოზურგეთის თეატრი 150”, ავტორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
წიგნი ოზურგეთის თეატრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა და მისი პრეზენტაცია ოზურგეთის კოლეჯ “ჰორიზონტში” შედგა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს არის პირველი, ვრცელი, მონოგრაფია ოზურგეთის თეატრზე, რომელიც აქამდე ბევრ უცნობ და გამოუქვეყნებელ ისტორიულ ფაქტებს, საარქივო დოკუმენტურ მასალებს და ფოტოებს ეფუძნება.
სარედაქციო ჯგუფმა მოიძია და ამ წიგნში თავი მოუყარა სხვადასხვა არქივებში, მუზეუმებში და საცავებში დაცულ ფოტოებს, ისტორიულ წყაროებს და მოგნებებს ოზურგეთის თეატრზე. ამავდროულად, წიგნი ასახავს ოზურგეთის თეატრის დღევანდელობას _ მასში ასახულია ოზურგეთის თეატრის ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, პრემიერები, გასტროლები უცხოეთში, მონაწიეობა ფესტივალებსა და საერთაშორისო სათეატრო ფორუმებში.
გამოცემის კონცეფციის ავტორი ვასილ ჩიგოგიძეა, წიგნის ავტორი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. გამოცემაზე ასევე იმუშავეს ზაზა ჯინჭარაძემ, მარინა ვასაძემ, ზაირა თოთიბაძემ და ლია კილაძემ.