ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, – ამის შესახებ მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის ყოფნა საქართველოში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. მხედველობაში ამერიკის შეერთებული შტატების მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – განაცხადა ზალკალიანმა.