,,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!”-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი.
პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლაჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება.
დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა.
დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან” გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი”, _ გვეუბნება დედა.
კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ელოდება.