ბექა ნაცვლიშვილმა ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი დატოვა.
“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წერვებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართგანსაკუთრებული ერთგულება. პარტიას ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.
პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.
სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბექა ნაცვლიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.