ხაბეიშვილის პარტიის სათავეში მოსვლას გუნდში ცვლილებაც მოყვა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი კობა ნაყოფიამ დატოვა.
“ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რაც ერთადერთი გამოსავალია მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, _ განაცხადა ნაყოფიამ.
ნაყოფიას თქმით, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარტიას.
„შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, შემდეგ მივიღებ სხვა გადაწყვეტილებებს, როდესაც სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე და მასთან შემეძლება კომუნიკაცია. მძიმე არჩევნები იყო და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შევძელი და ყველა გადაწყვეტილება კომისიის შიგნით მივიღეთ კონსენსუსით, ორჯერ ჩატარდა კენჭისყრა კომისიის მუშაობის დროს. სხვა საკითხებზე არ ჩაგვიტარებია, იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობდით კამათის მიუხედავად. პროცესი იყო გამჭვირვალე, არავინ ჩარეულა და არანაირი მანიპულაცია არ ყოფილა, გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, ვინც დააგროვა ხმების უმრავლესობა. მე სულ ვამბობდი, რომ შედეგები უნდა აღიარებულიყო, რადგან ვხედავდი, რომ არანაირი მანიპულაცია არ მომხდარა. საზოგადოებას ვანახეთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. მოხარული ვიქნები, ასე თუ ჩატარდება საპარლამენტო თუ სხვა არჩევნები“, _ განაცხადა ნაყოფიამ.