მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ. არაერთი თეორია და მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ეს. ამბობენ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე ალკოჰოლის, სიგარეტის და გაუმართლებელი რისკის ფაქტორი სერიოზულად მოქმედებს. ამას გარდა, ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ყველაზე სახიფათო პროფესიების წარმომადგენლები, სწორედ მამაკაცები არიან.
ცოტა ხნის წინ ამერიკულ სამეცნიერო მასმედიაში დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორებიც ხსნიან, თუ რატომ არიან ქალები კაცებზე უფრო დღეგრძელები. მეცნიერთა აზრით, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი.
ჰერონტოლოგმა ეილინ კრიმინსმა აღნიშნა, რომ ამ ფენომენის გამოვლენა ბოლომდე ვერ მოხერხდა. თუმცა, ერთი რამის თქმა დაზუსტებით შეიძლება – ფინანსური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიუხედავად, მამაკაცები გაცილებით ხშირად ავადობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
მეცნიერმა დააზუსტა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 70% -ს, რომლებიც 80 წლამდე ვერ აღწევენ, მსგავსი ჩივილები აქვთ. აქედან მხოლოდ 30%-ს ახასიათებს დამღუპველი ჩვევები. უფრო მეტიც, როგორც გამოირკვა, მსოფლიოში ბევრი დღეგრძელი მამაკაცი არასოდეს ამბობდა უარს სასმელსა და სიგარეტზე. ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მავნე ჩვევები, მართალია, ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ შეიძლება მივიჩნიოთ მამაკაცთა ქალებთან შედარებით ხანმოკლე ცხოვრების მიზეზად.
მეცნიერებმა ისიც გამოიკვლიეს, რომ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მე-19 საუკუნის მერე შემცირდა. მანამდე, ორივე სქესის წარმომადგენლები სიცოცხლეს დაახლოებით ერთი და იგივე ასაკში ამთავრებდნენ.