მანცინელას ხე, ან როგორც მას მოკლედ ეძახიან – მანცინელა, იზრდება დასავლეთ ნახევარსფეროში(ფლორიდის შტატი, ბაჰამის კუნძულები, კარიბის ზღვის აუზი). ის ცნობილია, როგორც ყველაზე შხამიანი მცენარე მსოფლიოში. მის გარშემო ხშირად წითელი ლენტია შემოვლებული, რაც გვაფრთხილებს: არ მიხვიდეთ ახლოს!
უმჯობესი იქნება, თუ მანცინელას ორი მეტრის მანძილზე არ მივუახლოვდებით. მისი ნაყოფი პატარა მომწვანო შეფერილობის კენკრაა, მაგრამ ამ “კენკრას” ადვილად შეუძლია ადამიანი იმქვეყნად გაისტუმროს. არანაკლებ საშიშია ამ კენკრის წვენი – მისი ერთი წვეთის მოხვედრაც კი კანზე იწვევს წყლულებს, დერმატიტს და დამწვრობას.
ამ მცენარის ტოტები და ფესვებიც კი სახიფათოა. მისი შეშის გამოყენებაც მომაკვდინებელია. თუ მას ცეცხლს მოვუკიდებთ, ისეთი საშინელი კვამლი წამოვა, რომ შეუძლია ადამიანი წამში დააბრმავოს და შემდეგ გაგუდოს. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მანცინელა ამჟამად შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც „ყველაზე შხამიანი ხე მსოფლიოში”.
ლეგენდის თანახმად, ამ ხის მსხვერპლი გახდა ესპანელი კონკისტადორი ხუან კონსე დე ლეონი. ის ფლორიდაში ჩავიდა 1521 წელს ოქროს საძებნელად და მოინდომა აქაური მიწების მითვისება.
აბორიგენები მას არ დანებდნენ და ამ ინდიელებთან ბრძოლის დროს ლეონს ფეხში მოხვდა მანცინელას წვენში დასველებული ისრის წვერი. ის ხანგრძლივი და მტანჯველი ტკივილებით გარდაიცვალა.