ზაქარია ქუცნაშვილი მეორე ტურის კონტექსტში ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ვაშაძეს წამოცდა, რა დაკვეთაც მიღებული აქვს.
„ორი დაკვეთა აქვს მიღებული – ერთი მხრივ, ყაჩაღებისა და დამნაშავეებით დაფინანსებული კამპანიის ფული გამოიმუშაოს და ეს ხალხი ციხიდან გამოუშვას. გამომუშავება იმას ნიშნავს, რომ დაახრჩობენ, თუ მათ არ შეიწყალებს. ჩვენ სხვა რამეს გვეუბნება და უცხოელებს ეუბნება, რომ დამნაშავეებს პირველივე დღეს გამოუშვებს. მეორე საკითხია, რომ პოლიტიკური დავალება შეასრულოს, რათა არჩევნებში მიღებული სხვა ლეგიტიმაცია ხელისუფლების განშტოებების წინააღმდეგ გამოიყენოს. ამბობს, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მთავარი მედროშე გახდება. ეს იმ დროს, როცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველია, როცა პარლამენტი კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ვეღარ ასრულებს, ან მთავრობასთან შესულია კონფლიქტში, რაც პრეზიდენტს ავალდებულებს, არჩევანი პარლამენტის სასარგებლოდ გააკეთოს. არც კონფლიქტი დაწყებულა და არც პარლამენტშია კრიზისი, რომ ვერ მუშაობდეს. აპრიორია, მოვუწოდებ და გამომყვებიანო, მაგრამ ქართველი ხალხი ფარა არ არის, დაუძახო, წამოგყვენ. ბევრი შეცდა, როცა ეგონა, დაუძახებდა და გაჰყვებოდნენ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“.
1tv.ge