რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა ნებისმიერი შესაძლო სცენარის განვითარებისთვის.
“ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება უკუქმედებას განაპირობებს და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა იყოს. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.
როგორც ჩანს, ანტირუსულ ლტოლვაში ყველა არსებული სანქციების ინსტრუმენტები გაიარეს, რაც დიდწილად არაეფექტური აღმოჩნდა… ჩვენ მზად ვართ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის და თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს მოსკოვთან ურთიერთობის სრულ შეწყვეტას, ჩვენ გადავრჩებით” – თქვა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ კვირას აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს აღიაროს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.
ავტორი