„ნატოს ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი მთლიანად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შესახებ საუბრისას.
ზახაროვა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მიმართავს: – ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს იდიოტებად თვლით? მართლა გჯერათ, რომ ტანკების გაგზავნით, თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ კონფლიქტის მხარე?
მისი თქმით, უკრაინაში გაგზავნილი დასავლური ჯავშანტექნიკა განკუთვნილია შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მალავს, რომ ახალი იარაღი დაეხმარება კიევს უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაში – “ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, იყო და იქნება“, – ამტკიცებს ზახაროვა.
მისივე აზრთ, “უკრაინის დაცვაზე დიდი ხანია საუბარი აღარ არის” და კიევი და დასავლეთი ახლა მზად არიან ყველაფრისთვის, რათა “რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ”.
შეგახსენებთ, აშშ-მ და გერმანიამ უკრაინისთვის აბრაამსებისა და ლეოპარდების ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილებები მიიღეს, რასაც მხარს უჭერენ სხვა ევროპული ქვეყნებიც.