პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ პარლამენტის წინ გამართულ აქციას აფასებს. მისი თქმით, ზაზა სარალიძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ არის მოქცეული, რასაც პოლიტოლოგის თქმით, სარალიძე აცნობიერებს. ამასთან, როგორც არეშიძე გვეუბნება, აქციაზე სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების მცდელობა დაფიქსირდა, რაზეც სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
,,აქციაზე სახელმწიფო გადატრიალების სიტყვიერი მცდელობა იყო, რაც დასჯადია. აქედან გამომდინარე, ეს სამართალდამცავთა ორგანოების ყურადღების საგანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ამის გაკეთება, რომ რთულია გასაკვირი არ არის. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მოხერხებულად მოარგო თავისი მოთხოვნები ზაზა სარალიძის უბედურებას. დარწმუნებული ვარ, ზაზა ხვდება, რომ იყენებენ, მაგრამ უკანდასახევი გზა არც თვითონ დაიტოვა და არც დაუტოვეს. როგორც ჩანს, მხარდაჭერას დაჰპირდნენ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, შემდეგ მოთხოვნების სიმძაფრე გაიზარდა და ზაზა სარალიძე იძულებული გახდა, ამ მოთხოვნებს აჰყოლოდა. ზაზა არ ჩანს ისეთი ბრიყვი, რომელიც ვერ ხვდება, რომ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში, მის მიმართ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ისე გაიწელება, რომ მისი სახელი და გვარი არავის ემახსოვრება. ვფიქრობ, ამას აცნობიერებს, მაგრამ იძულებულია, მოვლენების მასეთ განვითარებას აჰყვეს, რაც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს და იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მის გვერდში დგანან“, _განაცხადა არეშიძემ.