დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთელი ღამის გამავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, პროტესტის ნიშნად იმყოფებოდა.
მისი თქმით, ის ტერიტორიას არ დატოვებს, ვიდრე ჩხუბში მონაწილე მიხეილ კალანდიას არ დააკავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მას უთხრეს, რომ კალანდიას დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შინაგას საქმეთა სამინისტროს შენობასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებული რეკომენდაციები განიხილა. ამ რეკომენდაციების მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიმართ.
კომისიამ დაკითხა ზვიად კუპრავა, რომელმაც გამოძიებას მისი და სარალიძის მიერ საკუთარი გამოძიებით მოპოვებული ინფორამცია მიაწოდა.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge