გუშინ აშშ-ში მიმდინარე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის გადამწყვეტ სერიაში ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ კლუბ „კლივლენდს“ უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 132:113.
საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო. მოედანზე 13 წუთი გაატარა და საკუთარ აქტივში ორი ქულა მიითვალა.
მეტოქეები ბრძოლას უკვე კლივლენდში გააგრძელებენ. ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები ოკლენდელებს 8 და 10 ივნისს უმასპინძლებენ. შეგახსენებთ რომ სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება. ზაზა ფაჩულია ახლოსაა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის წოდების მოპოვებასთან.
გუშინ საქართველოში მიმდინარე 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო პირველობაზე უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეორე შეხვედრა გამართეს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. თამაში დაძაბული გამოდგა. დიდი მცდელობისა და მონდომების მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა მარცხი იწვნია – 14:38.
ბრიტანული გამოცემა „The Daily Mail”- ის მტკიცებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა ახალი სეზონიდან მადრიდის „რეალში“ იასპარეზებს. გასულ წელს ხეა „სამეფო კლუბში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, რადგან ორივე გუნდმა მეკარის საბუთების მოწესრიგება დროულად ვერ შეძლო.
კატალონიური „ბარსელონას“ თურქი ფეხბურთელი არდა თურანი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. თურქმა არსენ ვენგერის გუნდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. მისი სატრანსფერო ღირებულება 26 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca“ გაავრცელა ცნობა რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და ფრანგული “პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ანხელ დი მარია მადრიდის „რეალს“ დაუბრუნდება. ორივე კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელის თაობაზე მილაპარაკებას ამ დღეებში შეუდგება. თავად დი მარიას პარიზულ გუნდში გაჩერება აღარ სურს.