დღეს, დილიდან, ოზურგეთში თოვლჭყაპია. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე, ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზარში ხალხი ნაკლებად მოძრაობს.
შედარებით მეტი ადამიანს მაინც ბაზარში შეხვდებით.
სიცივემ ერთნაირად შეაწუხა, როოგრც მოვაჭრეები, ისე მიუსაფარი ძაღლები. თევზის გამყიდველ ქალბატონებს, პირდაპირ, ბაზრის მთავარ სამოძრაო გზაზე, თუნუქის ყუთში აქვთ ცეცხლი დანთებული და მყიდველის მოლოდინში თბებიან. ძაღლები კი, ზოგიც დახლის ქვეშ, ზოგიც კი შენობების კედლებთან მიყუჟულან.
_ სადაა ხალხი, რა ვაჭრობა, რის ყიდვა-გაყიდვა? ამდენი დღეა დახლთან დგომის საფასურს ვერ იხდიან. რა ვიცი, ასე თუ გაგრძელდა, რა უნდა ქნას ხალხმა. ამინდიც საშინელია, მაგრამ არც დარშია უკეთესი მდგომარეობა, _ გვეუბნება შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორი.
მოკრძალებული, მაგრამ შედარებით წინასაახალწლო, საზეიმო განწყობა სუფევს დიდ მარკეტებში: „მოდერნი“, „ჩემი სახლი“, „მაგნიტი“…
ცნობილი ვალუტის გადასახურდავებელი „ბირჟაც“, როგორც აქ გვითხრეს და კარგად ჩანდა, „ორიდე ვალუტჩიკის“ ამარაა.
„ზედმეტი სიცივე და ნაკლები ხალხია. კორონას ბრალია, მარტო თოვლჭყაპის ბრალი არაა ეგ. ცოტა კი დააფრთხო ხალხი ამ ვირუსმა, მაგრამ მთავარია, კორონა-ვირუსიც დაფრთხეს, დროა აწი“, _ ხუმრობას სუსხშიც აგრძელებენ გურულები.
„გურია ნიუსმა“ ოზურგეთის ბაზარში სხვადასხვა პროდუქტის ფასებიც იკითხა:
_ ხორცი 17 ლარია ერთი კილოგრამი. დარჩა რაც იყო, დაიკლო კიდეც ცოტა. 19 ლარიც ღირდა ამ დღეებში. ყველის ფასი კი იზრდება და იზრდება, 13 ლარი ღირს უკვე ერთი კილოგრამი, _ გვითხრა ახალი ხორცით მოვაჭრემ.
შედარებით, გაძვირებული, მართლაც რძე და რძის ნაწარმია. რძის ფასი 2 ლარიდან იწყება. თუმცა, არაერთგან 4 ლარიც ღირს. გამყიდველები ამბობენ, რომ ნატურალურია მათი პროდუქტი, 2 ლარად კი ფხვნილისგან შეზავებულ რძეს ჰყიდიან.
შინაური ქათმის ერთი ცალი კვერცხი 50 თეთრი ღირს.
ცოცხალ ფრინველის ფასიც მაღალია. ერთი ქათამი 25 ლარი ღირს. ინდაური ამ მომენტისთვის ბაზარში არ იყო.
გოჭის ფასი, ცოცხალი წონით, 12 ლარია ერთი კილოგრამი.
შედარებით კვლავ იაფია მწვანილეული, ხილი და ბოსტნეული.
როგორც ხალხი ვარაუდობდა, ხორბლის ფქვილის ფასის ზრდის გამო, პურის ფასიც გაიზრდებოდა ან წონა დაიკლებდა, ჯერჯერობით, ეს ცვლილება არ მომხდარა.
ამასობაში ამინდის ჭირვეულობა მატულობს. წვიმას თოვლის ფანტელსაც ურევს. თუმცა, „თოვლის ქუდით“ შემკულ ავტომობილს თუ მოჰკრეს თვალი , „ჩოხატაურელი“ ჩამოსულაო, ხუმრობენ აქაურები _ როგორც ვიცით, ამ დროისთვის, მეზობელ ჩოხატაურში ხვავრიელად ბარდნის.