“ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენ არავის და არაფრის გვეშინია. ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და ჩვენ არავის არაფერს მივცემთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ უკან სიმართლეა. ჩვენ უკან უკრაინაა. ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია ერთადერთი მიზანი უკრაინაში მშვიდობაა. დიდება უკრაინას!“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.
სპეციალურ მიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება, რუსეთის ქმედებების მიუხედავად.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება რუსეთის მინსკის შეთანხმებებიდან გასვლას ნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბოლო ქმედებები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, რაზეც რუსეთს პასუხისგება მოუწევს.
„მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და პროვოკაციას არ წამოვეგებით. უკრაინას გაეროს წესდებით გაწერილი კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის უფლება ზაქვს. ახლა ქაოსის დრო არ არის, ჩვენ დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.
[sexy_author_bio]