მიმდინარე წლის 27 მარტს, „ოსკარის“ დაჯილდოების, რიგით 94-ე ცერემონიალი გაიმართება.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა ემი შუმერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზეიმო ცერემონიაზე მიიწვია. თავად შუმერი ამ ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი იქნება.
ემი შუმერმა „ოსკარის“ დაჯილდოების შესახებ დრიუ ბერიმორის შოუში ისაუბრა და დასძინა, რომ ცერემონია კარგი შესაძლებლობა იქნება ზელენსკისთვის, რათა მილიონობით ამერიკელს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უამბოს.
„მართალია, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ხალხს ყველაფრის დავიწყება და განტვირთვა სურს, მაგრამ საკმაოდ დიდ ზეწოლას ვგრძნობ, როცა ირგვლივ ამდენი საშინელება ხდება.
ვფიქრობ, რომ ეს ცერემონია რიგ საკითხებზე კომენტარის გასაკეთებლად კარგი საშუალებაა. მეც მაქვს რამდენიმე სიტყვა მომზადებული, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ხაზს უსვამს, თუმცა ომის გათვალისწინებით, შოუზე ფოკუსირება ძალიან რთულია“, – განაცხადა ემი შუმერმა.