5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი გაიმართა, რომელზეც რუსულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან “შემრიგებლური” სიგნალები “პრაქტიკულ განზომილებაში” უნდა გადაითარგმნოს, შესაბამისად, საჭიროა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაიწყოს.
“რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ განზომილებაში გადათარგმნის, მათი კონკრეტულ ნაბიჯებად გამყარებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების თავის თავზე აღებას და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათი შემდგომი დემარკაციით”. – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის მტკიცებით, მათი ეს მოთხოვნები “მეორე ფრონტის გახსნისა და გლობალური ომის პარტიის” შესახებ “ქართული ოცნების” ნარატივით საბუთდება, რომლის თანახმადაც შიდა და გარე ძალები საქართველოს რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას სთხოვენ. ამასთან, რუსეთი საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩანაწერის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
“აღნიშნული ამოცანების აქტუალურობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის აღიარებით, რომ საქართველოშივე და მის საზღვრებს გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის გეგმებს ახორციელებენ და ასევე საქართველოს კონსტიტუციაში NATO-სა და EU-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ არსებული დოქტრინული ჩანაწერის რეგულარული დასტურით, რაც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტის შესაბამისად შენებით გრძელდება.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ვრცლად: jam-news