დღეს ოზურგეთში ე.წ. “ჭადრების ბაღში“ სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების მთავარი მესიჯი იყო დროულად იქნას გამოძიებული “ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმე.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში, თამარ ოგანოვამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
“დღეს, ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის სოლიდარობა მედიის მიმართ. დღეს სახალხო დამცველმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა ოფიციალური განცხადება რომლის თანახმადაც, ვინაიდან სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია ძალადობრივი მოწოდებების შესახებ უნდა უზრუნველეყო ეფექტური რეაგირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა მართლწესრიგის დაცვა. ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ჩვენ ვერ ვიხილეთ “.
არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, მინდია სალუქვაძემ მედიის წარმომადგენლებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ სოლიდარული ვარ ჟურნალისტების მიმართ, მათთვის ძალიან მძიმე დღე იყო გუშინ. მადლობელი ვარ მათი, ჟურნალისტები რომ არა ამ ქვეყანაში ის ნათელი კუნძულებიც არ იქნებოდა, რაც არის და შუა საუკუნეების ხალიფატში ვიცხოვრებდით. ქვეყანაში განვითარებისთვის, ჩვენი ისტორიული არჩევანის, ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტს მედია აკეთებს“.
ავტორი: გიორგი გირკელიძე