48 დღის შემდეგ, რაც ჟურნალისტ ირაკლი წულაიას და მის ძმას, ლევან წულაიას, სასტიკად გაუსწორდნენ, ირაკლი წულაია ოფიციალურად სცნეს დაზარალებულად.
ირაკლი წულაია: “მე და ჩემს ძმას სასტიკად გაგვისწორდა ჰეროდე ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური და მათი ბანდფორმირებები. ვინაიდან ძალოვნებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ჩემს წამებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ გომელაურს და ივანიშვილს. რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, პასუხს აუცილებლად გავაგებინებ. ეს პირველი გამარჯვებაა, თუმცა ბრძოლა გრძელდება! გასამართლდებიან ბოლომდე!”
ადვოკატ გიორგი ტაბატაძე: “ირაკლი წულაიას თავდაპირველად უსამართლოდ გაასამართლეს, თითქოს სამართალდარღვევა ჰქონდა ჩადენილი. ახლა კი დაზარალებულად სცნეს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა ნაწილობრივ აღიარებს ქვეყანაში წამების მსხვერპლთა არსებობას. თუმცა დღემდე არცერთი დამნაშავე სამართალდამცავი არ დასჯილა.”
შემთხვევის დეტალები:
ირაკლი წულაიას და მის ძმას 20-მდე სპეცრაზმელი გაუსწორდა, შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავა.
“გაგვიტაცეს, უმოწყალოდ გვცემეს, შემდეგ მანქანაში შეგვაგდეს და იქაც გვირტყეს. ჩემი ძმა გადამეფარა და მასზე გადაიტანეს აგრესია. 48 საათი დროებით იზოლატორში გავატარეთ, სადაც სამედიცინო დახმარებაზეც კი უარი გვითხრეს”.
ირაკლი წულაიას დაზარალებულად ცნობა პირველი ნაბიჯია სამართლიანობისთვის ბრძოლაში. არასამთავრობო ორგანიზაციების და მისი ადვოკატის დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული ეს გამარჯვება დემოკრატიული საზოგადოების სოლიდარობის მაგალითია.
ირაკლი წულაია: “ბრძოლა გრძელდება! მე და ჩემი თანამებრძოლები არ გავჩერდებით, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს. ეს ბრძოლა არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა“.