ტელეკომპანია “მთავარის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
კერძოდ, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უცნობმა პირმა ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს მიკროფონი გადაუგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. შემთხვევა მახინჯაურში მოხდა.
როგორც ცნობილია, გადამღები ჯგუფი ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული. ოპერატორიც და ჟურნალისტის სახლის გარეთ იდგნენ.
მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა.
“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან”,_ აცხადებენ ქარტიაში.
თავდასხმის ამსახველ ვიდეოს კი თეა ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.