გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე).
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.
აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.