განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე და შესაბამისად მხარი დაუჭირა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშისა და გერბის განთავსების ინიციატივას.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე, სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.
„ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი კატაკლიზმი გამოიარა, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება მომავალ თაობებში ძლიან მნიშვნელოვანია”, -განაცხადა კახა კახიშვილმა.
დღესვე კომიტეტში თემატური მოკვლევის ორი ჯგუფი შეიქმნა. სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფს თამარ ტალიაშვილი, ხოლო ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფს ხათუნა კვიციანი უხელმძღვანელებს.
კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცადებით, აუცილებელია იმ დანაკლისების აღმოფხვრა, რომელიც სასკოლო განათლებას უდგას და საჭიროა სწრაფი რეგენერაცია. ცვლილებით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხებს.