საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ, პროცესია ეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში, ეს არის ცუდი, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას ვნებს. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამაზე. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ეს ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია, ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. მოგეხსენებათ, რომ, ჯერჯერობით, ესაა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია, ქვეყანა, საქართველო, ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. ის წინასაარჩევნო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა და პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.