სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე, კანონის სახელით მანიპულაციას და თვალთმაქცობას აგრძელებს. 2022 წლის 28 იანვრის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის დადგენილებით, არასრულწლოვნების ბებიის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, მაგრამ სააღსრულებლო საქმის წარმოების შეწყვეტა არ განხორციელებულა.
საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სრულ გაუგებრობაშია. ე.წ. სამართალდარღვევის თარიღად დადგენილების მიღებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს მიჩნეული აქვს თარიღი 2021 წლის 19 ნოემბერი და სწორედ ამ პერიოდიდან აქვს ვადის ათვლა განხორციელებული, რაც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, სრულ კონფლიქტშია.
კერძოდ, ქრონოლოგია ასეთია: 2021 წლის 19 ნოემბერს, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო – სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკი მარიამ ცხვედიანი, რომელმაც ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე გააყალბა დასკვნები, შიდა მიმოწერას ახორციელებს სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის მიმართ და ატყობინებს, რომ ბებია მიზანმიმართულად ხელს უშლის მამის შვილებთან რაიმე სახის ურთიერთობის არსებობას. გამოკვეთილია არასრულწლოვნებზე უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა ბებიის მხრიდან, რის გამოც, არასრულწლოვანები კატეგორიულ უარს ამბობენ მამასთან შეხვედრაზე.
შესაბამისად, ფარულ გარიგებებში მხილებული მარიამ ცხვედიანი, ასევე სავარაუდო დანაშულებებში მონაწილე გიორგი კუპრეიშვილისგან მოითხოვს აღსრულების პროცესის შეუსრულებლობის გამო გამოყენებული იქნეს შესაბამისი სანქციები.
2021 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის, ნინო ბუჩუკურის გადაწყვეტილებით, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ხელმოწერილი დოკუმენტების შინაარსზე, იწყება ადმინისტრაციული წარმოება ბებიის მიმართ. საყურადღებოა, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტო, 2022 წლის 24 იანვრამდე, დასახელებული წარმოების ფარგლებში, არავითარ ე.წ. სანქციას არ მიმართავს.
2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი – ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი მოქმედი პროკურორის ზაზა კვირკველიას მფარველობაში იქნა მხილებული.
სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით.
სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა და შექმნა საფუძვლები მისი სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობისთვის.
სწორედ ამ ვითარებაში, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, იმავე ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის, ნინო ბუჩუკურის ხელმოწერით იღებს გადაწყვეტილებას ბებიის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნავს, რომ თითქოსდა 2021 წლის 19 ნოემბრიდან 2022 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, არავითარ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქმის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საქმის შეწყვეტის დადგენილების მიღებითაც კი, გახმაურებულ საქმეზე, სახის შენარჩუნებაც კი ვერ შეძლო. სამართლებრივად, მიღებული გადაწყვეტილება არაკომპეტენტური და ე.წ. ზრუნვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ გარემოებების მტკიცებასთანც კონფლიქტში მოდის. თუ მარიამ ცხვედიანი 2021 წლის 19 ნოემბერს მოითხოვს ბებიის დასჯას, 30 ნოემბერს იწყება ადმინისტრაციული წარმოება საკითხზე, ხოლო 2022 წლის 24 იანვარს ე.წ. ზრუნვის სააგენტო ბებიის მიმართ იყენებს სანქციას და აჯარიმებს 500 ლარით, ხოლო სამართალდარღვევის დროდ მიუთითებს 2021 წლის 30 ნოემბერს, გაუგებარია, რატომ არ ითვლება უკანონო ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება კანონით განსაზღვრულ 2 თვის ვადაში. ამასთან, 2021 წლის 19 ნოემბრის წერილი წარმოადგენს შიდა მიმოწერას, ხოლო თავად ე.წ. სამართალდარღვევა ფიქსირდება 2021 წლის 30 ნოემბერს, 2022 წლის 24 იანვრის აქტის საფუძველზე. ამდენად, სრული სამართლებრივი ნონსენსია, რასაც ე.წ. ზრუნვის სააგენტო და ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე ჩართული ე.წ. გამყალბებელი ჯგუფი: ნინო იობაშვილი, მარიამ ცხვედიანი, გიორგი კუპრეიშვილი და ნინო ბუჩუკური გვთავაზობს.
ცნობისთის: სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა მათი აცილების თაობაზე. ოჯახი და ორგანიზაცია მოითხოვს დასახელებული ორი სოციალური მუშაკის კრიმინალური საქმიანობის შესწავლას და პროკურორ ზაზა კვირკველიას მხრიდან მფარველობის განხორციელების შემოწმებას. ამასთან, გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ არასრუწლოვნების საქმის ფალისფიკაციაში.
მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან და წარმოდგენილი დასკვნები მომზადებული იქნა არასრუწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორის ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.
სასამართლო განხილვები გრძელდება და ორგანიზაცია აგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას.