ხელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს – ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.
შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა.
ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.