საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ სამთავრობო ქალაქის აშენების ვადებზე საუბარი ნაადრევია.
როგორც ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამთავრობო ქალაქის აშენებით მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია.
„ჩვენი სამინისტროების უმეტესი ნაწილი ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომელიც საინტერესოა სასტუმროს და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიდეთ ამ შენობებიდან, პრივატიზაცია გავაკეთოთ და გადავიდეთ ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს.
თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება, ეს მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას“, – განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ხარჯები ამ დროისთვის დათვლილი არ არის.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
1tv.ge