„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და კვლავ დამოუკიდებელ კანდიდატად ასაღებს. ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, უკვე გამოჩნდა „ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრემიერის მამუკა ბახტაძისა და პარტიის სხვა ლიდერების სურათები.
„გურია ნიუსმა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს სთხოვა, საზოგადოებისთვის განემარტა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილისთვის ხელოვნური იმიჯის შექმნას, მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად აღქმის უნარი საზოგადოებას სრულიად გამოაცალა.
აღნიშნულის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე კვლავ მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა აქვე აცხადებს, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა დაესახელებინა, რაზეც პროტესტი არაერთხელ გამოუთქვამს.
დეპუტატი მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის დამარცხებისა და გამარჯვების შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება“ მოგებული ვერ დარჩება.
„ზურაბიშვილი ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მიმაჩნდა, რომ პარტიას თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დაესახელებინა. არ ვიცი, ეს ახლა რამდენად არის გასაჟღერებელი, მაგრამ თავიდანვე ვამბობდი, სალომე ზურაბიშვილის დამარცხების ან გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი შედეგი ვერ დადგება-მეთქი.
თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და ნამდვილად მოიგებს წესიერად და პატიოსნად, მაშინვე ატეხს „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ ამბავს, „ქართულმა ოცნებამ“ სახელისუფლებო რესურსი გამოიყენაო. აღნიშნული დიდ ზიანს ვერ მოგვაყენებს, მაგრამ არ არის სასურველი.
ხოლო თუ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება, აღნიშნული არა ზურაბიშვილის, არამედ „ქართული ოცნების“ დამარცხებად აღიქმება, ამიტომ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი უნდა დაესახელებინა. მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილზე ღირსეული კანდიდატები გვყავს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ“, _ აღნიშნა არველაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს გაიმართება.