ზვავის წარმოქმნის მხრივ, მაღალი რისკის ერთ-ერთ ლოკაციას საქართველოს სამხედრო გზა წარმოადგენს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, გუდაური-კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დროს, გადაადგილება მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეუძლებელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით – თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ.
„თოვლმავალის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს“,_ ნათქვამია ინფორმაციაში.