ზვიად კვაჭანტირაძე ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტარი “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის” კანდიდატია. ის ამბობს, რომ არცერთ ოლქში არ აპირებდა კენჭისყრას.
“პარტიაში თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო შტაბისთვის მეხელმძღვანელა. გურიაში თავიდანვე არჩევანი გავაკეთეთ ახალგაზრდა, ძლიერ კანდიდატზე. ქობულეთში კი მოხდა ისე, რომ სხვადასხვა გარემოების გამო, ჩვენ მიერ შერჩეულ კანდიდატს, ბოლო მომენტში უარი ათქმევინეს ჩვენს კანდიდატად ეყარა კენჭი. დადგა სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღების მომენტი და ქობულეთელი მხარდამჭერების ინიციატივით, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ ქობულეთში ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა“ . – უთხრა „გურია ნიუსს“ ზვიად კვაჭანტირაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძე ორი მოწვევის პარლამენტარია. 2014 – 2016 წლებში პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი იყო და ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტს თავმჯდომარეობდა. 9 მოწვევის პარლამენტში კი დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2013 -2019 წლებში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის ძირითადი წევრი. ზვიად კვაჭანტირაძემ “ქართული ოცნება” 2 წლის წინ, პროტესტის ნიშნად დატოვა. რისი მიზეზიც პარტიაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება გახდა. მათ, შორის უპირველეს მიზეზად ის უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხში პარტიასთან რადიკალურად განსხვავებულ ხედვას ასახელებს.
“ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ ზვიად კვაჭანტირაძეს და ლაშა ვერულიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ქობულეთელ ამომრჩეველს ხვალ წარუდგენს.