უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. თბილისში, თამარაშვილის ხეივანში არსებულ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მიმართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაძლიერებასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) თანამშრომლობაზე.
„ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს ემახსოვრება მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. ეს არის კომპლექსური ჰუმანიტარული გამოწვევა, რომლის დასაძლევადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გაძლიერებული როლითა და პასუხისმგებლობით ვახორციელებთ ყოველდღიურ საქმიანობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად“, — განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ღონისძიებებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 1 900-მდე ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.




































































