მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო ამ კანონპროექტს უკეთ განუმარტავს საზოგადოებას. ამ კვირაში კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ვერ გავა რადგან დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია.
“ეს კანონი არავის უფლებებს არ ზღუდავს, თუმცა, თუ განათლების სამინისტროს მხრიდან უკეთესი ახსნა-განმარტება ექნება საზოგადოებას, კარგი იქნება რადგან, არის დიდი აჟიოტაჟს გამოწვევის მცდელობა. ზოგადად, ეს კანონი არაფერს არ ცვლის. იგი ამ ეტაპზე არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, განათლების სამინისტროს შემდეგი მიზნები უკეთ იქნება განმარტებული ყველასთვის და პარლამენტი თავის მხრივ, იქნება საღი აზრის სადარაჯოზე.
ვეტოს თემაზე ჯერ საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. ამ კვირაში ვეჭვობ, რომ გავიდეს ეს კანონი, რადგან ძალიან დატვირთული დღის წესრიგია. როდესაც კანონის მიღებაზეა საქმე, პარლამენტის ყველა წევრი ვალდებული ვართ, მოვისმინოთ ოპონენტის მოსაზრება, ვინც არ უნდა იყოს ის და რა მოტივითაც არ უნდა გამოთქვამდეს ამ მოსაზრებებს. ზოგადად, არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ თუ შემოვიდა პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად უნდა დავძლიოთ ის, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია იმ ვეტოში. არ არის გამორიცხული, ზოგჯერ პრეზიდენტს სააკაშვილსაც მოუვიდეს სწორი აზრი,” _ განაცხადა უსუფაშვილმა.