442 მომხრე, 98-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. 126-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის უფლებაში.
“რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავების მიზნით, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებში. ქვეყანას უნდა მიეცეს უფლება, უარყოს ნაჩქარევი გარიგებები, რომლებიც ასუსტებს მის უსაფრთხოებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და საფრთხეს უქმნის მას და ევროპის სხვა ქვეყნებს მომავალში განახლებული რუსული აგრესიის წინაშე,”_ აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მათი მოლოდინია, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, შანტაჟით აიძულონ უკრაინის ხელმძღვანელობა კაპიტულაციაზე მხოლოდ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გასაადვილებლად.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, წარიმართოს ევროკავშირის დასწრების გარეშე.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირის წევრობაა და ითხოვენ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაჩქარებას.