ბრალდებულებმა გურამ დონაძემ და ირაკლი ფირცხალავამ გუშინ განაცხადეს, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს საქმის სასამართლო განხილვას.
“2013 წლის 16 მაისს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ირაკლი ფირცხალავას, გურგენ დონაძის, ალექსანდრე გვაზავას, დავით იაშვილის, ზურაბ მიქაძის, ზურაბ ბაქრაძის და ლევან ლობჟანიძის ბრალდების საქმის წინა სასამართლო სხდომის ერთი თვით 30 ივნისამდე გადანიშვნის თაობაზე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირზე გამოძიების მიერ დანიშნულ იქნა ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზის სამსახურში. გამოძიების მიერ მიღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნა, რომლის თანახმადაც ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეოფირი მიღებულია მონტაჟის წესით.
საქართველოს პროკურატურა იძულებულია კიდევ ერთხელ განმარტოს, რომ საქმის სასამართლო განხილვის გადადების მოთხოვნის საფუძველი არის მხოლოდ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღების მოლოდინი. აღნიშნული საექსპერტო დასკვნების მიღების სავარაუდო ვადაა მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მოითხოვა პროკურატურამ საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის გადადება.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ არც ერთ პირს დღემდე ანუ 2013 წლის 16 მაისამდე არ წარმოუდგენია ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირის კვლევის რაიმე ალტერნატიული დასკვნა. შესაბამისად, გამოძიებას გააჩნია მხოლოდ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური დასკვნები, რომელთა თანახმადაც ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ვიდეოფირი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მონტაჟს.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღებისთანავე საქმე წარიმართება სასამართლოში განხილვისათვის,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.