საპარლამენტო უმცირესობა პროცედურული ომის მეშვეობით მესამე სასესიო დღეა ცდილობს კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივიდეს. ამაზე ორივე მხარეს საკუთარი მოსაზრებები აქვს. პაატა ზაქარეიშვილის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ამ ქმედებას უმცირესობის მხრიდან სამწუხარო ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია იგივე აღტკინებით ქვეყნის სამშვიდობო პროცესს დაუჭერდა მხარს.
“პროცედურული ომი გააგრძელა ოპოზიციამ, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მართლა გულწრფელად ვისურვებდი, რომ ასეთი აღტკინებით მათ გახარებოდათ ის, რომ სამშვიდობო პროცესში ნაბიჯები გადაიდგას და ასეთი გულმოდგინებით არ ცდილობდნენ ახალ ხელისუფლებას ხელი შეუშალონ, გადადგას გარკვეული ნაბიჯები, იმ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელიც მათ მემკვიდრეობით გადმოგვცეს ჩვენ, სწორედ თავიანთი წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად,“ _ განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პარლამენტში წარდგენილი “ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, დაპატიმრების ნაცვლად 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდება ანუ სუბიექტის მიერ პირველად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციულით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ეს ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.