“უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული, პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, იუსტიციის მინისტრისათვის სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი. პროკურატურის მიუკერძოებელი საქმიანობის მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა:
- მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლების წესის დახვეწა, მათ შორის: დანიშვნის ხანგრძლივი ვადის მითითება, ერთი და იგივე პირის განმეორებით დანიშვნის დაუშვებლობა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული და ამომწურავი საფუძვლების მითითება, მთავარი პროკურორის კანდიდატურის ნომინირების უფლების მინიჭება იურიდიული წრეებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის;
- მთავარი პროკურორის მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფი მექანიზმის შექმნა. კერძოდ, თანამდებობაზე დანიშვნამდე და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა;
- მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის მოწესრიგება. კერძოდ, კანონში იმის ნათლად განსაზღვრა, თუ ვინ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
ამასთან, მიუღებლად მიგვაჩნია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. კანონპროექტის მიხედვით, პროკურორის პროტესტით შესაძლებელია, როგორც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა. ნაცვლად იმისა, რომ ამ მხრივ კანონმდებლობაში არსებული მოძველებული დანაწესი საერთოდ ამოღებულიყო, კანონპროექტით მისი გაფართოება ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესი იყო ძალზე არათანმიმდევრული. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს რეგლამენტის დარღვევით განხორციელდა. ინფორმაცია კომიტეტის სხდომის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე სხდომის დაწყების შემდეგ გამოქვეყნდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვისას სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობა სათანადოდ უნდა იქნეს გააზრებული.
შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი მესამე მოსმენით, დააბრუნოს ის მეორე მოსმენაზე განსახილველად და უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული წარმომადგენლების კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართვა,” _ ნათქვამია განცხადებაში.