მუნიციპალიტეტის აწ უკვე ყოფილმა პირველმა პირმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ახალი პოლიტიკური რეალობა დაასახელა, განცხადება საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გააკეთა და მედიასთან განმარტებების გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია რომელ მედიასაშუალებაზე ზეწოლას ითხოვდა მისგან მუნიციპალიტეტის გამგებელი და რა იგულისხმება, “ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ ურთიერთობებში”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე, რომლის დანიშვნასაც თავის დროზე მამეიშვილმაც მხარი დაუჭირა, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჭორია და ამაზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს საკრებულოს დეპუტატებიც არ აკეთებენ, თუმცა, პირად საუბრებში ყვებიან, რომ მამეშვილზე ზეწოლა დიდი ხანია ხორციელდება:
_ გასულ კვირას, არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევით, ბიუროს გასვლითი სხდომა ურეკში უნდა ჩატარებულიყო. “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე დეპუტატი გზიდან მოგვაბრუნეს იმ მიზეზით, რომ იმ დღეს გლოვის დღე იყო და სხდომა ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიუროს წევრებს კოტე შარაშენიძემ დაურეკა და წამოსვლაზე უარი ათქმევინა. ისე გამოდიოდა, რომ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ვიქნებოდით. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. უფრო ადრე, საკრებულოს დაფუძნებულ და მის დაქვემდებარებაში მყოფ აიპ-ების ხელმძღვანელებს მკაცრი თათბირი ჩაუტარა შარაშენიძემ და “აუხსნა”, რომ ის იყო პირველი პირი და მხოლოდ მისი მითითებით უნდა ემოქმედათ, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალი” წევრები.
ამ განცხადებას, სხვა დანარჩენის მსგავსად ჭორს უწოდებს შარაშენიძე და საკრებულოს წევრებს ურჩევს, მუნიციპალიტეტზე ზრუნვით დაკავდნენ.
საკრებულოს წევრები ახლა იმაზე ფიქრობენ, რა იქნება ხვალ. “ქართული ოცნების” ნავში გადამსხდარი დეპუტატების ერთადერთი საფიქრელი ის არის, ვინ იქნება მამეშვილის შემცვლელი. სავარაუდოდ, ამ პოსტს დიმიტრი კვერღელიძე დაიკავებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს კანდიდატურაც შეიცვალოს, რადგან თავმჯდომარეობის ამბიცია ოზურგეთის საკრებულოში ბევრს აქვს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით, “ახლა იწყება ბრძოლა წესების გარეშე და ამ ბრძოლაში “ნაციონალები” არ ჩაერევიან.