“მე ვაპირებ, მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი წავა სააკაშვილი და ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები, მე პოლიტიკაში დავრჩები მხოლოდ რამდენიმე დღეს”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა Postimees-სთან ინტერვიუში.
პრემიერის განცხადებით, მას არ სურს, გათვლები მხოლოდ ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა საქართველოში და ეს ქართული პოლიტიკისთვის ძალიან ცუდი იყო: “მე მჯერა, რომ სამი მაღალი პოსტი _ პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის, შეხვდებათ სუფთა, დემოკრატ ადამიანებს. ასევე, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და თავისუფალი მედია. საჭიროა “ახალი სისხლი,” _ თქვა ივანიშვილმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატია ოპოზიციის გარეშე ვერ იქნება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვერ იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია: “ამ შემთხვევაში, არსებობს რეზერვი თვითონ მმართველ კოალიციაში, რომელიც ექვსი პარტიისგან შედგება,” _ აღნიშნა პრემიერმა.
მან, ასევე, განმარტა, რომ ოპოზიციის განადგურებას არ აპირებს: “ისინი საკუთარი ქმედებებით ზიანს აყენებენ საკუთარ პარტიას, არაფრით არ გამოაქვთ დასკვნები მომხდარისგან და ძველებურად ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია, შავი კი _ თეთრი.”
Postimees-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ Интерфакс იუწყება, რომ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მაშინ წავა, როცა ეს აუცილებელი იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.
“ჩემი პოლიტიკიდან წასვლა ნიშნავს, რომ გადავდივარ იოლი ადგილიდან უფრო რთულ ადგილზე. მე დავტოვებ მთავრობაში ღირსეულ გუნდს, მხოლოდ ამის შემდეგ წავალ პოლიტიკიდან და გავხდები საზოგადოების აქტიური წევრი, იმ საზოგადოებისა, რომელსაც სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი,” _ განაცხადა ივანიშვილმა კვირას.
ივანიშვილის თქმით, თუ საზოგადოებაში იქნება არასტაბილურობის ოდნავი განცდაც კი ან რაიმე კითხვები, ამ შემთხვევაში, ის მზადაა დარჩეს პრემიერის პოსტზე: “ჩვენ არავის მივცემთ უფლებას რამე დაანგრიოს და დესტაბილიზაცია შემოიტანოს ქვეყანაში”, _ იუწყება newsru.com Интерфакс-ზე დაყრდნობით.