საკრებულოს აპარატის უფროსის კობა ბარამიას განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის განცხადებას 28 ივნისს სხდომაზე განიხილავს. სწორედ ამ სხდომაზე უნდა მისცეს საკრებულომ თანხმობა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ზურაბ ხაბურზანიას, რომ დააკმაყოფილოს თენგიზ ადამიას განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. თუმცა, 19 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, როცა მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მურად შამათავამ გამგებლის თანამდებობიდან თენგიზ ადამიას გადაყენების საკითხი დააყენა, საკრებულომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე.
ადამიას მიერ თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი _ ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავა, რომელმაც განაცხადა, რომ ესეც იმ გეგმის ფინალია, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ გაახმოვანა: “სწორედ ამ გეგმით მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება და მურად შამათავას ადგილზე ზურაბ ხაბურზანიას დანიშვნა. ამ გეგმითვე გამგებელი გოჩა დგებუაძე უნდა გახდეს. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ სენაკის მაჟორიტარს, გურამ მისაბიშვილს უკავშირდება,” _ აღნიშნა ინგა ქარდავამ.
მისაბიშვილს უპირისპირდება და გამგებლად გოჩა დგებუაძის დანიშვნას ეწინააღმდეგება საზოგადოება “სენაკელიც”. ამ საზოგადოების წარმომადგენლებმა სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის ბიუროს კარზე ტრანსპარანტი _ “გურამ, მოგვშორდი!” გააკრეს.
საზოგადოება “სენაკელის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ გოჩა დგებუაძე მისაბიშვილის კადრია, ყოფილი “ნაციონალია” და არ დაუშვებენ მის გამგებლად მოსვლას. საზოგადოების წარმომადგენლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით თენგიზ ადამიას, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს. სენაკში გვითხრეს, რომ ადამია ამ ეტაპზე არავის ეკონტაქტება.