რასაც მოქალაქეების თქმით, შეიძლება, საზოგადოებაში დაპირისპირება მოჰყვეს და დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს, უფრო მეტიც, რეგიონის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ამ კადრების გასაჯაროებამ შეიძლება ზოგიერთების ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანოს.
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი წყაროს მეშვეობით, მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზუგდიდში, ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების ოფისში და რამდენიმე სხვა ოფისში, სადაც განთავსებულია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ორგანიზაციები, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არჩევენ მათთვის მისაღებ პირებს, რომლებსაც დახურულ რეჟიმში უჩვენებენ კადრებს, სადაც ადამიანთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და სექსუალური ძალადობაა აღბეჭდილი.
ამასთან, წყაროს ცნობით, საუბარია არა იმ კადრებზე, რომლებიც უკვე აღმოაჩინა და დიპლომატებსა და მედიას წარუდგინა შსს-მ, არამედ ახალ, ჯერაც გაუხმაურებელ კადრებზე, რომლებიც, უცნობია საიდან, მაგრამ აღმოჩნდა ჩვენების ინიციატორთა ხელში.
ინფორმაციის მიმწოდებელი პირები იმასაც ამბობენ, რომ ძალადობის ამსახველ ვიდეოებში ნანახი მოძალადეებიც და მსხვერპლიც უკვე ამოიცნო რამდენიმე პირმა და ამის შესახებ ზეპირი ინფორმაცია ზუგდიდის მოსახლეობაში უკვე გავრცელებულია.
ჩვენ ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ანი წითლიძეს დავუკავშირდით.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში წამების ამსახველი ფირების ჩვენება ხდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის.
_ დიახ, გიდასტურებთ, რომ მსგავს ჩვენებებს მართლაც აწყობენ ზუგდიდში. არ ვიცი, ფირები საიდან აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ აჩვენებენ. ერთ-ერთმა ჩემს მეგობარს ჩემი თანდასწრებით უთხრა, თუ გინდა, ხვალ წამომყევი და გაჩვენებ კადრებს, რას ჰყვებიან და როგორ მოგიხსენიებენ შენ ისინი, ვისაც იცავო. მე სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ ამ ადამიანების უსაფრთხოების გამო. ეს კადრები მანამდე ჰქონდა მთავრობას და ახლა გამოიტანეს სააშკარაოზე, რადგან ამ კადრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ორი აზრი არ არსებობს, რომ მწამებლებიც და შემკვეთებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ არც ესენი სჯობიან დიდად ნაცებს, რადგან ამ კადრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მსხვერპლი ფეხებზე ჰკიდიათ. მინდა ყველამ კარგად გაიგოს _ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ ფირების ჩვენება საჯაროდ არ შეიძლება. ესეც დიდი დანაშაულია. ამ კადრების გამავრცელებლებიც და ის სადისტებიც არიან ერთნაირად სადისტები.
ფირების ჩვენების შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსთან” საუბარში დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამაც:
_ ვადასტურებ, რომ ფირების ჩვენება ხდებოდა. უშიშროების სამსახური, ე. წ. “სუსი” უზრუნველყოფდა, რომ კადრების რაღაც ნაწილი ენახა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. მე ვერ გეტყვით დეტალებს, იმიტომ, რომ მაშინ ის ადამიანები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც იტყვიან, რომ ნახეს კადრები, ისე კი პირად საუბრებში არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ თავის მეგობრებში, რომ ნახეს კადრები.
სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილი ვიდეოფირების საიდუმლო ჩვენებას გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია. მან აღნიშნა, რომ ეს არის აბსურდი და ყველა ჭორი მიზანმიმართულადაა გავრცელებული. სართანიას განცხადებით ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
გიზო სართანია: “ავრცელებენ ჭორებს. თუ ვინმეს ვაჩვენე, მოიყვანონ და დამიყენონ. ამგვარი კადრების არსებობის შემთხვევაში, მე მას შესაბამის სამსახურებს გადავცემდი. კადრების ამოღების შემდეგ “ნაციონალებს” შემთხვევით შევხვდი, ვკითხე, რომ კიდევ აპირებენ თუ არა დარჩენას “ნაცმოძრაობის” რიგებში და ვთხოვე ჩემს ნაცნობებს, რომ საერთოდ გამიჯნოდნენ პარტიას და მოენანიებინათ. ჩემი აზრია, რომ ამ პარტიას საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება. ეს ვუთხარი და ალბათ, ამიტომ იგონებენ ამ ჭორებს.”