საუბარი შეეხებოდა ბოლო პერიოდში რუსულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებსა და მიღწეულ შედეგებს.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა, რუსული ბაზარი გაიხსნა და წლის ბოლოს საქართველოდან ექსპორტის სახით 100 მილიონამდე დოლარის ღირებულების პროდუქტი გავა, ურთიერთობები ჯერ ისევ ჩიხშია და კვლავ გამოსავლის ძიება მიმდინარეობს. აბაშიძის თქმით, საუბარია სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასა და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე.
“მას შემდეგ, რაც პირდაპირი დიალოგი დავიწყეთ, ექვსი თვეზე მეტი გავიდა. ამიტომ პარლამენტში გაჩნდა სურვილი, გვესაუბრა იმაზე, თუ ამ ხნის განმავლობაში რა მოხდა. ხაზგასმით აღნიშნე, რომ დასაწყისიდანვე მოვნიშნეთ დიალოგის მთავარი თემები: ეს გახლავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები. ეს გახლდათ ჩვენი დიალოგის მთავარი მანდატი და ამ 6 თვის თავზე არის გარკვეული შედეგები. ჩვენი პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე. ეს არის არა მარტო ღვინო და მინერალური წყალი, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ალბათ, ამ წლის ბოლომდე, სადღაც, 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია უნდა შევიდეს ჩვენგან რუსულ ბაზარზე. ეს არ არის კოლოსალური თანხა, მაგრამ გახლავთ ექსპორტით შემოსული თანხა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაფართოვდება და კიდე უფრო წინ წავა. ხდება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, შესაბამისი უწყებები ერთმანეთთან კავშირში არიან და დეტალებს განიხილავენ. საუბარია საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიაზე ვიზების შემსუბუქების საკითხზეც. ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიტივი არის. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლოს შეხვედრას უარყოფითი ფონი შეექმნა ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო. ეს პროცესი გრძელდება და ხელს არ უწყობს არანაირ დიალოგს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ რუსეთთან საუბარი არ იქნება იოლი პროცესი, ეს იქნება რთული, ხანგრძლივი პროცესი. მომავალში ბევრ სირთულეს წავაწყდებით _ იმდენად ღრმად ვართ ჩიხში შესული, რომ რთულია გამოსავლის ძიება. სწორედ ამიტომ არ ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის: წარმატება, გარღვევები, დიდი პროგრესი. ჩვენ ვსაუბრობთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე,” _ განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან მიმდინარე დიალოგის შედეგებზე კომენტირებისას.

































































