_ ახალი მანქანები გვყავს, ცოტა ხნის წინ ჩამოგვივიდა, _ გვითხრეს სამსახურში.
თუმცა, რამდენ ხანს იმუშავებს გამართულად ეს ავტომანქანები, არავინ იცის. ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩოხატაურის თითქმის არც ერთ სოფელში პრაქტიკულად გზა არ არსებობს. მეორე კი ის, რომ შენობიდან ცენტრალურ გზამდე ასასვლელი ავარიულია.
_ ნელ-ნელა, ფრთხილად უნდა ავიდეთ, _ გვეუბნებიან მძღოლები.
_ თუკი ადამიანი მომაკვდავია, ნელ-ნელა ასვლით მიუსწრებთ?
_ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურთან მისასვლელი გზის ამ მცირე მონაკვეთის შეკეთების მოთხოვნით ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს:
_ როცა ჩოხატაურის ცენტრალური ქუჩა იგებოდა, ბევრჯერ ვთხოვეთ, რომ ეს გზაც გაეკეთებინათ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ამბის მკითხავი კი არავინ არის, _ ამბობენ ექიმები.
როგორც გვითხრეს, ამის შესახებ ახალი ხელისუფლებაც საქმის კურსშია, თუმცა, რეაგირებას არავინ ახდენს:
_ ხელფასი მაგათ არ აკლიათ და პრემია. ხომ შეიძლება, ცოტა ჩვენთვისაც მოიტოვონ?! რა გახდა გზის ამ მონაკვეთის დაგება. ახალ ასფალტს თუ ვერ აგებენ, ხრეში მაინც დაყარონ, რომ კისერი არ მოვიტეხოთ, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას სასწრაფოს თანამშრომლები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, მისთვის ოფიციალური წერილით არავის მიუმართავს: _ გზა რომ გაფუჭებულია ვიცი, საკუთარი თვალით მინახავს, თუმცა, ოფიციალური წერილით ჩემთვის არავის მოუმართავს. დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება დაბის ქუჩების რეაბილიტაცია და ეს ჩასასვლელიც გაკეთდება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.