საია-ს ინიციატივით, საექსპერტო ბიურო “ვექტორის” ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, 5 ივლისს, თბილისის ზღვაზე გარდაცვლი მამუკა მიქაუტაძის გვამს გარეგანი დათვალიერება ჩაუტარა. ექსპერტიზის პროცესს ესწრებოდა “გურია ნიუსის” ჟურნალისტიც, რომელმაც შესაბამისი ნებართვა გარდაცვლილის ოჯახისგან მიიღო.
“მიქაუტაძეს ცხვირის არეში არსებული დაზიანება _ სისხლნაჟღენთი განვითარებული მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რომელიც ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებებში მითითებულ პერიოდს. რაც შეეხება ორივე ტერფის გულის ზედაპირებზე არსებულ საეჭვო უბნებს, ჩვენ ვერ ვამბობთ კატეგორიულად, რომ ეს არის სისხლნაჟღენთი თუ ნაადრევი გვამური ლაქები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს უბნები ორივე ტერფზე ლოკალიზებულია ერთნაირად და მორფოლოგიური მახასიათებლები მსგავსია, მაღალი ალბათობით მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს დაზიანება და არის გვამური ლაქები,” _ ამბობს ექსპერტი გეჯაძე “გურია ნიუსთან”. მისი თქმით, გაცილებით ინფორმაციული იქნება გვამის შინაგანი გამოკვლევა, რაზედაც მას ოჯახის თანხმობა სჭირდება.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილ მიქაუტაძეს ცხვირის არეში არსებული დაზიანება ბლაგვი საგნით უნდა იყოს მიყენებული, რაც შეიძლება გამოეწვია რაღაცის ჩარტყმას, ან საგანზე სხეულის მიჯახებას. გარდაცვალებამდე მამუკა მიქაუტაძე მეუღლეს მოუყვა, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად შს მთავარ სამმართველოში იატაკზე გულდაღმა დაწოლილს სცემდნენ და ჩვენებაზეც ამ მდგომარეობაში მყოფს მოაწერინეს ხელი.
გარდაცვლილის მეუღლე ზიზი ეძგვერაძე გვამის შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე თანხმობას აცხადებს, რადგან სურს, ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.
როგორც დღეს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მიქაუტაძის საქმეს იძიებს, მზადაა გამოძიების პროცესი მაქსიმალურად საჯარო გახადოს, რაც შესაბამისად, სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებასაც გულისხმობს.
პირველადი ექსპერტიზა, მათ შორის, შინაგანი ორგანოების დათვალიერება გარდაცვლილს სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.