როგორც ყასბებმა გვითხრეს, ვეტერინარულმა სამსახურმა, კურორტზე მყოფი ექიმი ჩოხატაურში დააბრუნა და “ფორმა ორი” მოითხოვა:
_ ითხოვენ “ფორმა ორს”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონელი ჩოხატაურში, სასაკლაოზე უნდა დავკლათ და ისე ავიტანოთ ბახმაროში. არადა, ჩოხატაურში დაკლული საქონლის ბახმაროში ატანა შეუძლებლია _ გზაში გაფუჭდება. ამდენ ხანს ბახმაროში იკვლებოდა, ექიმი ამოწმებდა, ცნობას გვაძლევდა და დამსვენებელიც ჯანმრთელ პროდუქტს იღებდა. ახლა კი, რამდენიმე დღეა, ბახმაროში შეუმოწმებელი ხორცი იყიდება, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას ყასბებმა.
ვეტერინარული სამსახურის თანამშრომელი, ლევან კეკელიძე ამბობს, რომ ინფორმაცია, ბახმაროში შეუმოწებელი ხორცის გაყიდვის შესახებ მასაც აქვს, თუმცა, პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის:
_ მე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ შეუმოწმებელი ხორცი იყიდება, მაგრამ კომენტარს სამსახურის უფროსი გაგიკეთებთ.
_ როგორც გვითხრეს, ბახმაროში პირადად თქვენ იყავით და კარგად ფლობთ სიტუაციას. შეუმოწმებელი ხორცი რომ იყიდება, ხალხის მოწამვლის შემთხვევაში თქვენ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?
_ მე არ ვარ პასუხისმგებელი. დანარჩენზე რეგიონის უფროსს ჰკითხეთ, _ გვითხრა კეკელიძემ.
რეგიონის უფროსს, კახა თავბერიძეს ვერ დავუკავშირდით. მას ტელეფონი ჰქონდა გამორთული.
სანამ უფროს-უმცროსი ერთმანეთში პასუხისმგებლობას გაინაწილებენ, მანამ ბახმაროში შეუმოწმებელი ხორცი იყიდება და დამსვენებელს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.