(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც “სახალხო კრების” ოზურგეთის კომიტეტის ოფისში აცხადებენ, მათი მხარდამჭერები უშიშროებაში დაიბარეს, ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი დაემუქრნენ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნებათო.
ასევე მათი მტკიცებით, ოზურგეთის ე.წ. ტაქსოპარკის ხელმძღვანელმა მოიწვია საგანგებო თათბირი, სადაც გააფრთხილეს და თითოეულ მძღოლს აუკრძალეს 21 მაისის აქციაზე მგზავრების გადაყვანა. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მიკროავტობუსის მძღოლებიც.
“ოზურგეთში, დამატებით ჩამოყვანილია ქუთაისის უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც უთვალთვალებენ ოფისში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს. ისინი რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის დირექტივებს ასრულებენ”, _ ირწმუნება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლელა ნაცვალაძე.
მისი თქმით, “სახალხო კრების” თითოეულ აქტივისტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ფეხდაფეხ დაჰყვებიან.