ახლა კი, რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, კოალიციაში შემავალი პარტიების ადგილობრივი ლიდერების შეხვედრა პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძის სახლში შედგა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტიფო მიქატაძის თქმით, ამ შეხვედრაზე ბოლო დროს ოზურგეთში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.
ტიფო მიქატაძე: _ საინტერესო შეხვედრა იყო. ესწრებოდნენ კოალიციის გურიის და დასავლეთ საქართველოს შტაბის ხელმძღვანელები, კოალიციაში შემავალი პარტიის ადგილობრივი ლიდერები. მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, შეხვედრა კოალიციის რეჟიმში მოხდა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე და გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
_ ჯერჯერობით,“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არ დანიშნულა?
_ არა, ამ ეტაპზე არა.
_ ვისზე იყო საუბარი?
_ დათო დარჩიას კანდიდატურაზე. იყო აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული არგუმენტები.
_ მხოლოდ დათო დარჩიას კანდიდატურა განიხილება?
_ ჯერჯერობით, კი. ასე რომ, გადაწყვეტილებები მიიღება შემდეგ კვირაში.
_ რატომ ჭიანურდება შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა?
_ კოალიციურად გადაწყვეტილების მიღება უფრო ჭირს, ვიდრე ერთი პარტიის შიგნით. განსაკუთრებით საგანგაშოდ არ ვაფასებ ამ მდგომარეობას. ყველა პარტია მუშაობს თავის რესურსზე და მომავალი კვირაში კოალიციურ რეჟიმში მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით დარჩია “გურია ნიუსთან“ მოკლე კომენტარს აკეთებს:
_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ, მხოლოდ თქვენი კანდიდატურა განიხილება შტაბის ხელმძღვანელად…
_ ჯერჯერობით, არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ყველაფერი კოალიციურ რეჟიმში გადაწყდება.
_ ცნობილი გახდა, რომ თქვენი კანდიდატურის წინააღმდეგია კოალიციაში შემავალი პარტიის რამდენიმე ლიდერი.
_ ვერ გეტყვით, _ გვითხრა დავით დარჩიამ.


































































