როგორც სოფელში გვითხრეს, სასაფლაოზე, რომელიც მონასტრის ეზოში მდებარეობს დედები მიცვალებულს არ ამარხინებენ:
_ აქ მარხია ჩემი მამამთილი. დედამთილი ახლა გარდაიცვალა და დამარხვა გვინდა მისი მეუღლის გვერდით, როგორც ეს წესია, თუმცა, დედაოები არ გვამარხინებენ და ამბობენ, რომ ეს მონასტრის ტერიტორიაა, _ გვითხრა თამარ კალანდაძემ.
ერკეთის დედათა მონასტრის მონაზვნების განმარტებით, ტაძრის ეზოში საერო პირის დაკრძალვა არ შეიძლება და ის მიცვალებულები, რომლებიც ამ ადგილზე მარხია, ჭირისუფალმა უნდა გადაასვენონ.
მოსახლეობა მიცვალებულების გადასვენებაზე თანახმაა და გამგეობას ალტერნატიულ ადგილს სთხოვს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, გამგეობა მომავალ კვირაში გამოყოფს სასაფლაოსთვის ადგილს და ცხედრების გადასვენებაშიც დაეხმარება ადგილობრივებს.
რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირების მიზეზს, დღეს, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თამარ კალანდაძე დედამთილს მონასტრის ეზოში, ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის საფუძველზე დაასაფლავებს. ხელწერილის თანახმად კალანდაძე, დღეს დაკრძალულ დედამთილს, უმოკლეს დროში, სასაფლაოს ადგილის გამოყოფისთანავე გადაასვენებს.