ჩხაიძეების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, სახლიც მძიმე მდგომარეობაშია.
_ შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ, _ ამბობს ჩვენთან მაყვალა ჩხაიძე.
ჩხაიძეების ოჯახს, ცოტა ხნის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. როგორც მაყვალა ჩხაიძე ამბობს, მისმა მეუღლემ 12 დღის განმავლობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმუშავა და ხელფასის სახით 200 ლარი დაერიცხა. სწორედ ამ თანხას უკავშირებს ქალბატონი მაყვალა დახმარების მოხსნას.
_ სახლის სახურავის მასალაზე სამი წელია ვიბრძვი და არავინ ყურადღებას არ მაქცევს. სოციალური დახმარება გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს. მარტში, დახმარების შეწყვეტის მიზეზად ჩემი მეუღლის სამსახური დამისახელეს. არადა, ჩემს მეუღლეს 8 წელიწადია არსად უმუშავია. 12 დღის განმავლობაში იმუშავა გზის დაგებაზე და აიღო 200 ლარი. შემოსავლების სამსახურიდან ამონაწერიც კი მაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩემს ოჯახში იმ 200 ლარის გარდა, არაფერი შემოსულა. მაისიდან მთელი სამი თვის განმავლობაში ჩემთან აგენტი არ მოსულა. მერე მოვიდა, შეავსო დეკლარაცია, ჩაწერა ერთი ძროხა, 8 ქათამი, 172 ლარი პენსია და მომივიდა 60 ათასი ქულა. თებერვალში ვიყავი გამგებელთან, ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. გამოგზავნა ინფრასტრუქტურის სამსახური, გადაიღეს ფოტოები, მაგრამ შემდეგ უფრო დაინგრა ჩემი სახლი. მერე ორჯერ მივაკითხე, მაგრამ როგორც კი შევედი ჩაწერაზე და გაიგეს რა საკითხზე მინდოდა ურუშაძესთან შეხვედრა, არ შემიშვეს _ ბიუჯეტში თანხა არ არის და ვერ დაგეხმარება გამგებელი. დახმარების საკითხზე ერთი წლის მერე მოვა აგენტი, შეგამოწმებს და თუ გეკუთვნის, მოგცემენო. სოფლის რწმუნებულმა ყველაფერი შეამოწმა, თავდებშიც ჩაგვიდგა და ურუშაძესთან მიიტანა ეს ამბავი, მაგრამ არაფერი შედეგი არაა. დაშლილი სახურავის გამო კი, სახლი თავზე მენგრევა, გთხოვთ, მიშველოთ რამე! _ ამბობს მაყვალა ჩხაიძე.
სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის ფილიალის ხელმძღვანელის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, მაყვალა ჩხაიძეს სოციალური დახმარება მას შემდეგ შეუწყდა, რაც შემოსავლების სამსახურიდან ცნობა მოვიდა და მოხდა აღნიშნული ოჯახის თავიდან გადამოწმება:
_ აღნიშნულ ბენეფიციარს მარტში, შემოსავლების სამსახურის ცნობით, შეუწყდა სოციალური დახმარება, გადამოწმების შედეგად ქულა მოუვიდა მაღალი. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გაგცემთ პასუხს, რატომ მოუვიდა მაღალი ქულა. თუმცა, ძალიან კარგადაც გვესმის მისი ოჯახური მდგომარეობა.
_ მაყვალა ჩხაიძე ამბობს, რომ მას აქვს შემოსავლების სამსახურის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მისმა მეუღლემ ხელფასის სახით მხოლოდ ერთხელ აიღო 200 ლარი.
_ ვისაც კი ჰქონდა იმ პერიოდში დაფიქსირებული მსგავსი თანხა, ყველა ბენეფიციარი გადამოწმდა თავიდან და შეუწყდა სოციალური დახმარება, _ გვითხრა მაკა გოგიჩაიშვილმა.